ქართველ მოსამართლეებს მედიაციის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
08 დეკემბერი 2021
2021 წლის 4-5 დეკემბერს, სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში", USAID/PROLoG-ის მხარდაჭერითა და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, ტრენინგი ჩატარდა, რომელიც საქმეების მედიაციაში გადაცემასა და მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებას ეხებოდა. ტრენინგში მონაწილეობა 14 მოსამართლემ მიიღო, რომლებიც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მცხეთის, ბოლნისისა და ახალციხის რაიონულ სასამართლოებს წარმოადგენდნენ. ტრენინგს სოფიო ტყემალაძე, PROLoG-ის ექსპერტი და ალექსანდრე წულაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უძღვებოდნენ. ტრენერებმა მედიაციის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს. ტრენინგზე განხილული საკითხები მოიცავდა მედიაციის ძირითად პრინციპებსა და პროცესის სტადიებს; განსხვავებას სასამართლოში მორიგებასა და მედიაციას შორის; მედიაციისათვის საქმის გადაცემის კრიტერიუმებს; მედიაციის სამართლებრივ ჩარჩოს; სამედიაციო მორიგებების აღსრულებასა და სინგაპურის კონვენციის მნიშვნელობას. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება მიეცათ ინტერაქტიულ სავარჯიშოებში, როლურ თამაშებსა და დისკუსიაში ჩართულიყვნენ. პროგრამა PROLoG-ის მხარდაჭერითა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების - ალეშ ზალარისა და სოფიო ტყემალაძის ჩართულობით ორი წლის წინ მომზადდა.