უფლებადამცველებმა შშმ პირებთან დაკავშირებული წარმატებული სტრატეგიული სამართალწარმოების შედეგების შესახებ ისაუბრეს
07 დეკემბერი 2021
3 დეკემბერს, ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი სტრატეგიული სამართალწარმობა ბავშვებისთვის პროექტის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნა და გამართა დისკუსია სტრატეგიული სამართალწარმოების შესახებ, რომელიც შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას იწვევს. ონლაინ ღონისძიებაზე, PHR-ის წარმომადგენლებმა ანა არგანაშვილმა და სოფიკო მენაბდიშვილმა განიხილეს საქმეები, რომელთა შედეგადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის 12 საათიანი პერსონალური ასისტენტის დანიშვნა გახდა მისაწვდომი; ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირებისათვის კი ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა მოხდა. მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მისცა ბიძგი ნინოწმინდის ბავშვთა სახლის საქმის წარმოებამ დიდი ზომის ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციას. დისკუსიაში ასევე ჩაერთო 14 წლის ლუკას დედა, რომლის საქმის წარმოების შედეგადაც მოხდა 12 საათიანი პერსონალური ასისტენტის უზრუნველყოფა და ისაუბრა მისი ოჯახის ძალისხმევაზე ოჯახის წევრებისა და შვილის დასაცავად. შეხვედრაში მონაწილე შშმ ბავშვების სხვა მშობლებიც ჩაერთვნენ დისკუსიაში და გაუზიარეს მსმენელებს საკუთარი გამოცდილება და იდეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახლობლებისთვის უფრო მეტი დაცვისა და მხარდაჭერის მისაღებად. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა ნინო ვალიკოვმა, შშმ პირების მხარდაჭერასა და ადვოკატირებაში მისი მხარდაჭერა დააფიქსირა.