ბავშვთა ფსიქოლოგის როლი სასამართლო პროცესში
30 ნოემბერი 2021
რა როლი უნდა ჰქონდეთ ბავშვთა ფსიქოლოგებს არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვისას? 26 ნოემბერს, USAID/PROLoG-ის პარტნიორი ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), შეეცადა პასუხი გაეცა ამ კითხვაზე პროექტის სტრატეგიული სამართალწარმოება ბავშვებისთვის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები. შეხვედრაზე მომხსენებლებმა მიმოიხილეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ჩარჩო, რომელიც სასამართლო საქმეში ჩაბმული ფსიქოლოგების მიმართ კანონმდებლობის ძირითად მოთხოვნებს ადგენს. მათ ასევე ისაუბრეს სხვადასხვა პრინციპებსა და ნორმებზე, მათ შორის ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ დადგენილ გაიდლაინებზე, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ ფსიქოლოგებმა საქმიანობისას. მომხსენებლებმა განმარტეს ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ფსიქოლოგის ექსპერტული დასკვნა, მათ შორის მეთოდოლოგიის სანდოობის და ვალიდურობის შემოწმების ჩათვლით. საუბრისას ხაზი გაესვა ფსიქოლოგთა სპეციალიზაციის საჭიროებასაც, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, იქნება თუ არა ექსპერტული დასკვნა გამოსადეგი საქმეში. შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ: ანა არგანაშვილი (PHR-ის აღმასრულებელი დირექტორი); მოსამართლე ეკა ზარნაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლო); ფსიქოლოგი თამთა საამიშვილი (გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრი); და კავშირი საქართველოს ბავშვების სასამართლო ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ნინო ლორთქიფანიძე.
შეხვედრა ჩატარდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.