პირველი ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი იურისტებისთვის: წარმატებების შეჯამება და ახალი გამოწვევებისთვის მზადება
26 ნოემბერი 2021
2021 წლის 22 ნოემბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, იურისტებისთვის პირველ, ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა, რომელიც შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართა. ფორუმში იურისტებმა, მედიატორებმა, მოსამართლეებმა, პარტნიორი ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების მთავარი მიზანი მედიაციის სარგებლის შესახებ იურისტებში ცნობიერების ამაღლება და მისი გამოყენების პოპულარიზება იყო. ფორუმზე მონაწილეებს სიტყვით ნინო ქადაგიძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, თამარ ტყეშელაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარია სლაზაკმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტორმა, დავით ასათიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ მიმართეს. ღონისძიების გახსნისას პიტერ ვიბლერმა, მისიის დირექტორმა აღნიშნა: „საქართველოში... ჩვენ ყველამ უნდა ვიამაყოთ იმ ნაბიჯებით, რომლებიც კანონმდებლობის შემუშავებისა და გადამზადებული მედიატორებისგან შედგენილი კადრების შექმნის, ასევე მედიაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და განათლების მიმართულებით გადაიდგა...“ ფორუმი პანელური დისკუსიებით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ესპანეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის მედიაციის ექსპერტებმა მიიღეს. დისკუსიების სამი მთავარი თემა იყო: იურისტის როლი მედიაციაში, ადვოკატის ეთიკური ვალდებულებები მედიაციის პროცესში და შედარებითი სამედიაციო სისტემები.