ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მიერ მუსლიმი მოქალაქეების დისკრიმინაცია დაადგინა
17 ნოემბერი 2021
16 ნოემბერს, USAID/PROLoG-ის პარტნიორი ორგანიზაციის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწიეს. საქმე „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სოფელ მოხეში პოლიციის მხრიდან ოთხი ადგილობრივი მუსლიმის დაკავებისა და დისკრიმინაციის გარემოებებს უკავშირდება, რომლებიც ძველი მეჩეთის ბიბლიოთეკად გადაკეთებას აპროტესტებდნენ. მათი თქმით, პოლიციამ მათ წინააღმდეგ გადამეტებული ძალა გამოიყენა და მათზე ფიზიკურად იძალადა როგორც დაკავებისას, ასევე პატიმრობაში ყოფნისას. ისინი ასევე მიუთითებდნენ პოლიციის მხრიდან შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამოყენებაზე, მათ შორის მათი „თათრებად“ მოხსენიებაზე, რაც მათი რწმენის ქართველობასთან შეუთავსებლობას მიანიშნებდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ შვიდი წლის განმავლობაში არ გამოიძია განმცხადებლების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციის ფაქტები, რაც წარმოადგენდა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლის დარღვევას. სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა: 3,900 ევრო პირველი განმცხადებლისათვის და 1,800 ევრო დანარჩენი 3 განმცხადებლისათვის.