PHR-მა სპორტში ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ კვლევა წარადგინა
05 აგვისტო 2021
4 აგვისტოს, ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ბავშვებისა და ქალების დაცვა სპორტში სექსუალური ძალადობისა და შევიწროებისაგან ფარგლებში, გამართა ორი დოკუმენტის ონლაინ პრეზენტაცია: სპორტში ქალთა და ბავშვთა მიმართ შევიწროების/სექსუალური ძალადობის პრევენციის საერთაშორისო კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა; და პირველი თვისებრივი კვლევა საქართველოში ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის შესახებ სპორტში.
PHR-ის წარმომადგენლებმა, ნანა გოჩიაშვილმა და სოფიკო მენაბდიშვილმა ისაუბრეს ანგარიშის ძირითად მიგნებებზე: სექსუალური შევიწროება სპორტში და მისი ფორმები (ფიზიკური, ვერბალური, მტრული გარემოს შექმნა); პრევენციული ზომები; სექსუალური შევიწროების/ძალადობის შედეგები ქალ სპორტსმენთა კარიერაზე და ძირითადი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა ასაკი და სქესი; სხვადასხვა ინსტიტუტების საერთაშორისო რეგულაციები და საუკეთესო პრაქტიკა სპორტში სექსუალური ძალადობის აკრძალვის შესახებ და საქართველოში არსებული სიტუაცია; ასევე რეკომენდაციები საქართველოში არსებული გამოწვევების დასაძლევად. ორივე კვლევა ავსებს ერთმანეთს საერთაშორისო რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის გზით და ავლენს სპორტის სფეროში ქალების სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ რეალობას და პრობლემებს საქართველოში.