საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობა საარჩევნო წესებისა და რეგულაციების რეფორმირების საკითხებზე USAID/PROLoG-ის ექსპერტებთან მუშაობას განაგრძობს
29 იანვარი 2021
2021 წლის 28 იანვარს, დავით ასათიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჭეხანმა, აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ტყეშელაშვილმა, ადმინისტრაციის უფროსმა და თამთა დევდარიანმა, ანალიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა USAID/PROLoG-ის ექსპერტებთან ჯეი ბ. მეიერსონთან და ჯონ ჰარდინგ იანგთან მეორე ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანიც ადვოკატთა ასოციაციების საარჩევნო სისტემების შესახებ დისკუსია იყო.
ექსპერტებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების არჩევნების პროცესი ეტაპობრივად მიმოიხილეს, რათა ის სფეროები განსაზღვრულიყო, რომლებიც ცვლილებებსა და დახვეწას მოითხოვს. ამასთანავე, შეხვედრისას განხილული იყო ხმის დათვლის, უსაფრთხოების, ხმის დამთვლელი კომისიის როლისა და კომპეტენტურობის საკითხები. გიორგი ჭეხანმა, აღმასრულებელმა დირექტორმა არჩევნების დღე და ხმების დათვლის პროცესი მიმოიხილა. მან ყველაზე პრობლემურ საკითხად ხმის დამთველელი კომისიის მიერ ბიულეტენების დათვლა დაასახელა, რაც წევრებს შორის კომპეტენციის ნაკლებობითაა განპირობებული, რადგან ისინი პრაქტიკოსი ადვოკატები და ასოციაციის არჩევნების დღეს არჩეული წევრები არიან, რომლებიც წინასწარ ტრენინგს არ გადიან.
ექსპერტებმა იმსჯელეს ხმის დამთველელი კომისიისთვის დამხმარე პერსონალის ყოლის შესაძლებლობაზე, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის საექსპერტო გამოცდილების გაზიარებას შეეხება და ხმის დათვლის პროცესის აღნიშნული კომისიის ჩართულობით წარმართვას, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის ხმის დამთვლელი კომისიის მიერ კი ამ პროცესზე ზედამხედველობას გულისხმობს. ამასთანავე, ექსპერტებმა იმსჯელეს ხმის დათვლის პროცესში ოპტიკური სკანერების გამოყენების თაობაზე, რაც მოწონებული იქნა ასოციაციის ხელმძღვანელობის მიერ. მათ თხოვნით მიმართეს ექსპერტებს, რომ სკანერების გამოყენების შესახებ დეტალური პროცედურები წარმოადგინონ. ამასთანავე, ასოციაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდებიან, რათა მათი სკანერების ხმის დათვლის პროცესში გამოყენების შესაძლებლობა გაარკვიონ.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტების დახმარებით, ასოციაციამ უნდა შეძლოს ისეთი საარჩევნო სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ასოციაციის დამოუკიდებლობას, უფრო ეფექტიანი პროცედურებისა და ისეთი სისტემის არსებობას, სადაც აუდიტი და ხმების გადათვლა იქნება შესაძლებელი. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მესამე, დასკვნითი შეხვედრა გაიმართოს.