ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატისთვის დისკრიმინაციის მსხვერპლებთან კომუნიკაციის შესახებ
17 დეკემბერი 2020
14 და 16 დეკემბერს, USAID/PROLoG ორგანიზებით, ფსიქოლოგ მაია ცირამუას მიერ, ჩატარდა ონლაინ ტრენინგი, სახალხო დამცველის აპარატის თბილისის და რეგიონული ოფისების თანამშრომლებისთვის, კომუნიკაციის უნარებზე. ტრენინგი მიზნად ისახავდა იმ უნარების გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან და დისკრიმინაციის მსხვერპლებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის. ტრენინგის პირველ დღეს ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, ბავშვთა უფლებების დეპარტამენტის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები, მეორე დღეს - აპარატის თანამშრომლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
სესიები შედგებოდა სავარჯიშოებისა და მინი-ლექციებისგან და მოიცავდა შემდეგ საკითხებს: წინასწარგანწყობის ფენომენი, ექსპლიციტური და იმპლიციტური ტენდენციურობა, დისკრიმინაციული ქცევის ანატომია, დასწავლილი უმწეობის ფენომენი, სტოკჰოლმის სინდრომის მეცნიერული ახსნა, უმცირესობების სტრესის ფენომენი, ფსიქიკური ჯანმრთელობა (მითები, სტერეოტიპები, ფსიქიკური ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემები) და სუიციდის პრევენცია. ექსპერტმა ისაუბრა ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებზე, როგორიცაა აქტიური მოსმენის ტექნიკა, მე-შეტყობინებების ტექნიკა, „სენდვიჩის ტექნიკა“, ვერბალური დეესკალაციის ტექნიკა და ონლაინ რეჟიმში მუშაობის დროს წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავება. მან ასევე, მონაწილეებთან ერთად განიხილა პრაქტიკიდან აღებული შემთხვევები.