TDI-ის პრეზენტაცია და დისკუსია: “მრავალფეროვნების სახეები”
11 დეკემბერი 2020
10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების კვირეულის ფარგლებში, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მრავალფეროვნების სახეები: ტოლერანტობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გამართა ონლაინ ჩვენება და დისკუსია „მრავალფეროვნების სახეები“. გიორგი ჩხეიძემ, USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა და ეკატერინე სხილაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მსმენელებს. TDI-ის დოკუმენტური ვიდეოს გმირები ჰურიე აბაშიძე, ნანო სარალიშვილი, ლიამან მამედოვა და სოროუშ ნეგაჰდარი მონაწილეობას იღებდნენ დისკუსიაში, ხოლო TDI-ის დირექტორი ეკა ჭითანავა მოდერაციას უწევდა დისკუსიას.
ჩვენებისას 4 დოკუმენტური ვიდეო იყო წარმოდგენილი: ჰურიე, ნანო, ლიამანი და სოროუში; ვიდეოს გმირებმა დისკუსიისას მსმენელებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: გამოწვევები, რომლებსაც მუსლიმი თემი, განსაკუთრებით მუსლიმი ქალები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში; ქსენოფობიური დამოკიდებულებები და ნარატივები ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით; ბარიერები, რომელთა გადალახვაც უწევთ მათ განსხვავებული რელიგიური თუ ეთნიკური იდენტობის გამო; ტოლერანტობა და მრავალფეროვნება; თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა; ინტეგრაცია და ინკლუზია; ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული პრობლემები; და სხვა გამოწვევები, რომელთა წინაშეც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან საქართველოში.