2020 წლის ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული წარმატებით დასრულდა
11 დეკემბერი 2020
3-10 დეკემბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს 10 სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული, რომელიც 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას სტუდენტებსა და ახალგაზრდა თაობაში.
მონაწილე უნივერსიტეტებმა გამართეს საჯარო დისკუსიები, ლექციები და სხვა ღონისძიებები ადამიანის უფლებების სხვადასხვა თემაზე. USAID/PROLoG-ის პარტნიორმა უნივერსიტეტებმა გამართეს შემდეგი ღონისძიებები:
- თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო დისკუსიას თემაზე: „მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობის კონსტიტუციური და სამართლებრივი გამოწვევები“;
- საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა გამართა სახელმძღვანელოს - „კონსტიტუციური კონტროლი და სამართალწარმოება“ პრეზენტაცია;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა 2020 წლის ადამიანის უფლებების სტატიების კრებული;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელმა წარადგინა ადამიანის უფლებათა კლინიკის მუშაობის ყოველწლიური ანგარიში;
10 დეკემბერს, მონაწილე უნივერსიტეტებმა ტრადიციულად დააჯილდოვეს მეცნიერი, რომელსაც წვლილი მიუძღვის ადამიანის უფლებათა მეცნიერების განვითარებაში. წელს, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დაჯილდოვდა პროფესორი კონსტანტინე კორკელია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორი. ბატონი კოტე მრავალი პუბლიკაციის ავტორია და 14 წელია ადამიანის უფლებების სტატიათა კრებულის რედაქტორია. წარსულში ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი.