PHR აგრძელებს მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას ძალადობა გამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერის მიმართულებით
31 მაისი 2018
25 მაისს, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოაჩინე საქართველოს კანონმდებლობის გამოუყენებელი შესაძლებლობები გენდერული დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად” ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში PHR-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „მასწავლებლის როლი ძალადობა გამოვლილი ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერის პროცესში. ტრენინგს დაესწრო 15 მასწავლებელი, ადგილობრივი სოციალური მუშაკი და მედიის წარმომადგენელი.
შეხვედრაზე იურისტმა ისაუბრა როგორც ძალადობის ფორმებზე, ისე ოჯახში ძალადობის საკითხზე, მის მახასიათებლებზე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და სახელმწიფოში არსებულ სერვისებზე. ორგანიზაციის წარმომადგენელმა მონაწილეებს იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, თუ როდის შეიძლება გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორ უნდა დაამყარონ ასეთ დროს ბავშვთან და მშობელთან ურთიერთობა და რა საშუალებებს მიმართონ.
მასწავლებლებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. მათ მიერ დასმული კითხვები შეეხებოდა ძალადობის ფორმებსა და საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, რაც მასწავლებლების თქმით, განსაკუთრებულ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს ძალადობა გამოვლილი ქალების მხარდაჭერის პროცესში. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მუნიციპალიტეტში ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების ნაკლებობას და PHR-თან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.